Thursday, July 30, 2009

გლობალური დათბობის მიზეზები


მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არ არის. უფრო გავრცელებულია ნახშირორჟანგის, CO2-ის , - სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ, - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს დედამიწაზე მზის სხივების შეჭრის ინტენსივობის მარეგულირებელ შრეს. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ, მცენარეთა განვითარებაზე CO2-ის დადებითი ზემოქმედების გამო, მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამიტომ შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სხვა თეორიის, ეგრეთ წოდებული “მზის თეორიის”, ზოგიერთი მომხრე “სასათბურე გაზის” ზრდას გლობალური დათბობის შედეგად მიიჩნევს და არა მიზეზად. ამ თეორიის ავტორები, რომელთა შორის ორი დანიელი მეცნიერია - ეგილ ფრიიზ-ქრისტენსენი და კნუდ ლასენი, ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსივობა იწვევს დედამიწაზე დათბობას ან აცივებას. მზის ლაქებზე დაკვირვება მეცნიერებმა სისტემატიურად 1749 წლიდან დაიწყეს. დღეს მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ ამ ლაქების გამოჩენა-გაქრობის ზეგავლენა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე - ლაპარაკობენ რადიონახშირჟანგის, C14-ის, ცვალებადობასა და მზის კოსმოსური გამოსხივების ზეგავლენით მისი რაოდენობის ზრდაზე. ამ თეორიის მომხრე მეცნიერებმა, დაკვირვების შედეგად, შუა საუკუნეებში აცივება-დათბობის ახსნაც კი შეძლეს. ლაპარაკია, აგრეთვე, ღრუბლების წარმოქმნა-არწარმოქმნის კავშირზე კოსმოსურ გამოსხივებასთან. შეიძლება იკითხოთ, რატომ არ არის ეს თეორია პოპულარული და რატომ გაფორმდა “კიოტოს ხელშეკრულება”, რომელიც მრეწველობას ავალდებულებს შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის გამომწვევი პროდუქტების წარმოება? ამ პროცესს “ჰავის ცვლილების საერთაშორისო საბჭო” განაგებს. მასში მსოფლიოს უამრავი მეცნიერი შედის, რომელთა მოვალეობა დღეს არსებული ყველა თეორიის განხილვაა. გერმანელი ფიზიკოსი ალვო ფონ ალვენსლებენი ბრალდებას უყენებს საბჭოს, რომ ის არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამასთან, მზის ფიზიკის სპეციალისტი ამბობს, რომ დასკვნა მზის თეორიის შესახებ არ იყო ექსპერტთა მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ამ დასკვნის ავტორს, ამბობს ფონ ალვენსლებენი, უფლება არ ჰქონდა არგუმენტების გარეშე უარეყო ეს თეორია. ალვენსლებენთან პირდაპირ კამათში ჩაერთო გერმანელი ფიზიკოსი, ჰავის ცვლილების მკვლევარი, პროფესორი შტეფან რამსტორფი, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ მზის თეორიას იმის გამო უარყოფენ, რომ არ იცნობენ ან უგულუბელყოფენ მას.
(რამსტორფის ხმა)
“მიზეზი ამისა ის არის, რომ მზის აქტიურობას, გაზომვების თანახმად, ბოლო 50 წელიწადში არ მოუმატია. ამიტომაც ეს არ შეიძლება დათბობის მიზეზი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ მზის აქტიურობის ცვალებადობას ათასწლეულების განმავლობაში მართლაც ჰქონდა ზეგავლენა დათობა-აცივებაზე, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბოლო 50 წელიწადში ეს არ ჩანს და ამიტომაც ის ვერ იქნება მიზეზი ჰავის შეცვლისა.”
ზემოთ დანიელი მეცნიერები ვახსენე. როგორც რამსტორფმა თქვა, ერთ-ერთმა მათგანმა, კნუდ ლასენმა, თავისი მტკიცება უკან წაიღო, რადგან ბოლო გაზომვებით საკუთარი თეორიის დამტკიცება ვეღარ შეძლო. თანამოსაუბრემ გვითხრა, მზის თეორიას არაერთი მომხრე ჰყავს, მაგრამ მზის აქტიურობის ცვალებადობაზე რომც იყოს დამოკიდებელი დათბობა-აცივება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგის ფაქტორი, რაც ფიზიკურად აშკარაა, სუსტდებაო. როგორ ზეგავლენას ახდენს ნახშირორჟანგი დათბობაზე, ვიცით. ისიც ვიცით, რომ ადამიანი CO2-ის კონცენტრაციის ზრდას და დათბობის გაძლიერებას კვლავ ხელს უწყობს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, ამბობს პროფესორი შტეფან რამსტორფი, შესაბამისად, მისი შეჩერებაც შეგვიძლია.
(რამსტორფი)
“იმაზე, რასაც მზე აკეთებს, ადამიანს გავლენა არა აქვს. ამიტომ არც კი აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტიური იქნება ის მომავალ 30 წელიწადში, რადგან ამას მაინც ვერ შევცვლით. ამასთან, მისი ზეგავლენა მცირეა, რადგან აქტივობის ზრდა მხოლოდ გრადუსის მეათედს შეადგენს, ნახშირორჟანგის ზემოქმედებით კი მომავალ ას წელიწადში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს, თუკი მას არ შევაჩერებთ.”
აქვე მინდა გაგაცნოთ ნახშირორჟანგის ზრდის შეჩერების საწინააღმდეგო არგუმენტიც, რომელიც ეკუთვნის გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის კიპენჰოიერის სახელობის მზის ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელს, ალვო ფონ ალვენსლებენს. მისი თქმით, ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდა ატმოსფეროში მცენარეთა ზრდისთვის სასიკეთოა. ამიტომაც ეს პროცესი სასურველიც კია. ამ მოსაზრებას უპირისპირდებიან “სასათბურე გაზის” თეორის მომხრეები: ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მატება, - ამბობენ ისინი, - მართალია, ხელს უწყობს მცენარეების სწრაფ ზრდას, მაგრამ ბუნება ამ გარემოებასთან შეგუებას ვერ ასწრებს. ალბათ, გახსოვთ, ადრე ჩვენ გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ მცენარეთა სწრაფი ზრდა იწვევს მწერების ზრდასაც და ფრინველები მათ საკვებად გამოყენებას ვეღარ ახერხებენ. მომხრეები ჰყავს ალვენსლებენის იმ არგუმენტსაც, რომ ნახშირორჟანგის ზრდა ატმოსფეროში, თუკი მას მრეწველობა იწვევს, ას წელიწადსაც ვერ გაგრძელდება, რადგან, მაგალითად, ნახშირი, ნავთობი და გაზი მალე გამოილევა და ამით მათი გამოყენებაც შეწყდება. როგორც ხედავთ, არგუმენტები არც ერთ მხარეს არ ილევა. მე საუბრის ბოლოს ვკითხე “სასათბურე გაზის” თეორიის მომხრეს, შტეფან რამსტორფს, როგორ ხედავს ის მეცნიერების როლს იმაში, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას იწვევს დათბობა, რატომ არის მნიშვნელოვანი დათბობის შეჩერება და რა მოელის ადამიანს, რომელზეც პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებს აკისრიათ.


წყარო: რადიო თავისუფლება

No comments:

Post a Comment